გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 12 / 11 / 2020 13:28
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. გორის რაიონულ სასამართლოში, სადაც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობდა, ბრალდებულის საქმეზე საკმარისი ნაფიცი მსაჯულის შერჩევა ვერ მოხერხდა. კობიაშვილს კი 9-თვიან პატიმრობაში ყოფნის ვადა უახლოეს დღეებში ეწურება. შესაბამისად, სასამართლომ მისი დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

"დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილებას ელოდებოდა. მიმდინარეობს ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცედურა. დაახლოებით 4 პროცესია წინასწარ დანიშნული და იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესების განმავლობაში შევარჩევთ ყველა ნაფიც მსაჯულს და დავიწყებთ არსებით განხილვას, მტკიცებულებათა გამოკვლევას. ჩვენი მიზანი იყო, რომ საზოგადოების წევრებს, ნაფიც მსაჯულებს გადაეწყვიტათ მერაბ კობიაშვილის ბედი, მაგრამ დაწრმუნებულები ვართ იმაში, რომ მის უდანაშაულობას ყველა დაინახავს", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ გორის რაიონულ სასამართლოში "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.