გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას - შოთა არველაძე
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2020 14:29
გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას - შოთა არველაძე

გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, შოთა არველაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - ასეთი მნიშვნელობის მატჩი, ჯერ ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა. ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო. ვალდებულები ვიყავით ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა. გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას. მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, რომ ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ. არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია. ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ. მოდის თაობა, რომელიც ამას მიაღწევს", - წერს არველაძე ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედნიასთან ისტორიული თამაში წააგო და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა.