ბელგია კორონავირუსზე ტესტირების სტრატეგიას ცვლის
ამობეჭდვა · 15 / 11 / 2020 19:36
ბელგია კორონავირუსზე ტესტირების სტრატეგიას ცვლის

ბელგიაში, 23 ნოემბრიდან კოვიდ19-ზე იმ პირთა ტესტირება განახლდება, ვისაც კორონავირუსის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ აქვს, მაგრამ მაღალი რისკის კონტაქტი ჰქონდათ.

უსიმპტომო მოქალაქეების ტესტირება ბელგიაში მთავრობის გადაყვეტილებით მეორე ტალღის დროს შეწყდა. კრიზისის ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უსიმპტომო პირების კოვიდ19-ზე შემოწმება სპეციალისტების რეკომენდაციაც იყო, რადგან ამ შემთხვევაში დაახლოებით ერთ თვეში ეპიდვითარების შესახებ უფრო მკაფიო სურათი იქნება.

დღეს ბელგიის სამეფოში 6268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 197 ადამიანი. 15 ნოემბრის მონაცემებით, აქტიურია 484 271 შემთხვევა. საკოორდინაციო კომიტეტის მონაცემებით, ყოველდღიური პარამეტრები პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბელგიაში გასულ კვირასთან შედარებით 51%-ით იკლო ინფიცირებულთა დღიურმა რიცხვმა.

დღეს პირველად, მეორე ტალღის შემდეგ, საავადყოფოდან გაწერილი პაციენტების რიცხვმა ჰოსპიტალიზირებულ ინფიცირებულებს გადააჭარბა. კორონავირუსის მატარებელ 450 ადამიანს დაუმძიმდა მდგომარეობა და მათი საავადყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

673 ადამიანმა დატოვა სხვადასხვა ჰოსპიტალი და სახლში იზოლაციაში გააგრძელა ყოფნა. 3 ნოემბერთან შედარებით, ბელგიაში 1000 პაციენტით შემცირდა ჰოსპიტალიზირებულთა საერთო რიცხვი და 6504 შეადგინა.

ჯანდაცვის სამონისტროში განაცხადეს, რომ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დეტალურად სწავლობენ და მუშაობენ დამატებით პრევენციულ ზომებზე მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად. ხვალიდან ბელგიაში რამდენიმე დღით გახარძლივებული არდადეგების შემდეგ სკოლები და ბაღები იხსნება.