განისაზღვრა, რა ჩივილების შემთხვევაში გავა სასწრაფო დახმარება გამოძახებაზე
ამობეჭდვა · 16 / 11 / 2020 13:56
განისაზღვრა, რა ჩივილების შემთხვევაში გავა სასწრაფო დახმარება გამოძახებაზე

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე იმ შემთხვევაში გადის, როდესაც პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8 ან მეტი და რომელიმე, ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი – ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა, ასევე პაციენტი რომელიმე რისკჯგუფს, თუ განეკუთვნება, – ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის საეჭვო და დადასტურებულ შემთხვევათა ბინაზე მართვის ინსტრუქციის და მტკიცების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის 12 ნოემბრის ბრძანების შესაბამის დანართშია აღნიშნული. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

დანართის თანახმად, რისკჯგუფებში შედიან პაციენტები შემდეგი მონაცემებით: 65 წელი და ზემოთ; ორსულობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი ორი კვირა; თანმხლები ქრონიკული მდგომარეობები: ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის უკან დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი. ასევე, თუ ტემპერატურასთან (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) ერთად გამოხატულია ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან ერთ-ერთი: მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი); დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია); ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე); კრუნჩხვა. თუ გამოძახება ხდება ქუჩაში/დაწესებულებაში; თუ პაციენტი არის უცხოენოვანი; თუ პაციენტი არის 5 წლის ან ნაკლები ასაკის მქონე პირი.

გამოძახება გადაეცემა ოჯახის ექიმს, თუ პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8-ზე ნაკლები, მიუხედავად შემდეგი სიმპტომებიდან ერთ-ერთის არსებობისა: ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა, ასევე მიუხედავად რისკ-ფაქტორებისა.

დანართში აღნიშნულია, რომ ოჯახის ექიმთან არ ხდება შემთხვევის გადამისამართება, თუ მოქალაქეს აღენიშნება გულთან დაკავშირებული პრობლემები, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ.