თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
ამობეჭდვა · 16 / 11 / 2020 15:46
თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისში, თემქაზე მომხდარი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის ბრალდებულით დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ანა უთიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობას ითხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ნ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მ.მ.-ს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც მ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

აღნიშნული დანაშაულის დაფარვის მიზნით, ნ.ნ.-მ ასევე განზრახ მოკვლის მიზნით ლ.შ.-ს ყელის არეში მიაყენა ჭრილობები. ბრალდებულმა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან ლ.შ.-მ გაქცევა მოახერხა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.ნ.-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ იცოდა ა.უ.-მ, თუმცა არ შეატყობინა სამართალდამცველებს. ნ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით), ხოლო ა.უ.-ს 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეუტყობინებლობა) წარედგინათ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.