მამუკა მდინარაძე: საჯარო განცხადებების მიუხედავად, ოპოზიცია ფარულად ახდენს მხარდამჭერთა მობილიზებას ხმის მისაცემად
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2020 14:14
მამუკა მდინარაძე: საჯარო განცხადებების მიუხედავად, ოპოზიცია ფარულად ახდენს მხარდამჭერთა მობილიზებას ხმის მისაცემად

ოპოზიციის მიერ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ისინი მართალია ფარულად, მაგრამ მაინც ახდენენ მათი მხარდამჭერების მობილიზებას ხმის მისაცემად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, ვინც უკვე მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში. ოპოზიციის მიერ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ისინი მართალია ფარულად, მაგრამ მაინც ახდენენ მათი მხარდამჭერების მობილიზებას ხმის მისაცემად.

შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ყველა უბანთან ფიქსირდებიან მათი წარმომადგენლებიც. ასევე შეგახსენებთ, რომ ანალოგიური სიტუაცია იყო 2016 წელსაც. აცხადებდნენ, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, თუმცა მათ მაშინაც, საჯაროდ გახმოვანებული განცხადებებისგან განსხვავებით, მოახდინეს მხარდამჭერების მობილიზება.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ. აქვე, შეგვიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული რისკები საარჩევნო უბნებზე მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა მდინარაძემ.