17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 20.74 % შეადგინა
ამობეჭდვა · 21 / 11 / 2020 18:22
17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 20.74 % შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 20.74% შეადგინა.

ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში, 30-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც შედის ქედის, შუახევის, ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტები.

 

ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ნაძალადევში, მე-7 მაჟორიტარულ ოლქში და შეადგენს 16%-ს. თუ შევადარებთ ამომრჩეველთა აქტივობას 2016 წლის არჩევნების მეორე ტურს 17:00 საათის მდგომარეობით 2016 წელს დაფიქსირდა 30.99 %.

რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ცესკოში აცხადებენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი.

„სამი საჩივარია ზუგდიდში და ეხება პროცედურულ დარღვევებს. ეს გახლავთ რეგისტრაციის ფუნქციის არაჯეროვნად შესრულება, გადასატანი ყუთის თაობაზეა საჩივარი და ასევე წილისყრის პროცედურის დარღვევაზე. ბათუმში შესულია 1 საჩივარი ხმის მიცემის პროცედურის დარღვევის თაობაზე, ხოლო ისანშიც ერთი საჩივარი, საჩივრის არსი ეხება დამკვირვებლის უფლებებს.

ინფორმაციისთვის, საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 8 საათზე დაიხურება.

მეორე ტური ტარდება შემდეგ საარჩევნო ოლქებში: მთაწმინდა, კრწანისი; ვაკე; საბურთალო; ისანი; სამგორი; დიდუბე-ჩუღურეთი; ნაძალადევი; გლდანი; თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი; მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი; რუსთავი, გარდაბანი; ხაშური, ქარელი; ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი; ქუთაისი; ზუგდიდი; ბათუმი; ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ოპოზიციურმა სპექტრმა.