ბახმაროდან დამსვენებლების გამოსაყვანად გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა
ამობეჭდვა · 24 / 11 / 2020 15:03
ბახმაროდან დამსვენებლების გამოსაყვანად გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბახმაროში ჩარჩენილი დამსვენებლების გამოსაყვანად, ბახმარომდე მისასვლელი გზა გაიწმინდა, ამ დროისთვის, ყველა მათგანს შეუძლია კურორტის უსაფრთხოდ დატოვება.

,,შეგახსენებთ, რომ, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, კვლავ აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმაროს) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარე წლის 18 ნოემბრიდან. (https://bit.ly/3nQKNkm) გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვა, გასული წლების მსგავსად, სეზონურად მოქმედებს და აკრძალვა გაუქმდება გაზაფზულზე, ამინდის ცვალებადობის მიხედვით. გზის გაწმენდა იმ ადამიანების დასახმარებლად გახდა საჭირო, რომლებიც, აკრძალვის მიუხედავად, ბოლო დღეების განმავლობაში, ბახმაროს ტერიტორიაზე შევიდნენ”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსვენებლებს და ტურისტებს, მათივე უსაფრთხოების მიზნით გაითვალისწინონ გზებზე დაწესებული შეზღუდვები და დამეორჩილონ აკრძალვას, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი გართულებები.