შეზღუდვების მოხსნა თანაბრად უნდა ეხებოდეს ყველა კონფესიას - ომბუდსმენი
ამობეჭდვა · 27 / 11 / 2020 14:19
შეზღუდვების მოხსნა თანაბრად უნდა ეხებოდეს ყველა კონფესიას - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება 6 იანვარს (მართლმადიდებლური შობის ღამეს) შეზღუდვის მოხსნას და ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები ყველა რელიგიას თანაბრად უნდა მიემართებოდეს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები, რომელიც 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მათ შორის, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების და საჯარო სივრცეში ყოფნის აკრძალვას გულისხმობს, შესაძლოა, არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული იყოს.

„აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვა არ გავრცელდება შობის – 6 იანვრის ღამეს, ამავე პერიოდში სხვა რელიგიური გაერთიანებების დღესასწაულები კი, რომლებიც, შესაძლოა, ასევე ღამისთევით აღინიშნებოდეს, მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოხსენიებული არ არის.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები მსგავსად მიემართებოდეს ყველა რელიგიურ გაერთიანებას, რათა მათ თანასწორ საფუძველზე შეძლონ რელიგიის თავისუფლების რეალიზება. რომელიმე რელიგიური გაერთიანებისთვის უპირატესობის დაუსაბუთებლად მინიჭებით, ბუნდოვანი რჩება სხვა გაერთიანებებისთვის ამავე უფლების ჩამორთმევის ლეგიტიმურობა,“ – ამბობს სახალხო დამცველი.

აპარატი მოუწოდებს მთავრობას, განიხილოს წესიდან გამონაკლისის დაწესების შესაძლებლობა, იმ რელიგიურ დღესასწაულებზე, რომელთა აღნიშვნაც ღამის თევას ითვალისწინებს.