საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 30 / 11 / 2020 18:07
საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

2020 წლის 28 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ერთი ადამიანის გარდაცვალება და 4 პირის სხეულის დაზიანება გამოიწვია.
გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს მოდელის ავტომანქანა, რომელსაც ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ა.დ. მართავდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 234-ე კმ-ზე, შეეჯახა გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ „ფორდ ტრანზიტ“-ის მარკის მიკროავტობუსს, რის შემდგომაც შეჯახების ინერციით მიკროავტობუსი შეეჯახა გზაზე მოძრავ სატვირთო ავტომანქანას. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „ფორდ ტრანზიტის“ მძღოლი შ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს მიკროავტობუსის მგზავრმა ნ.ჯ.-მ, „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს მძღოლმა ა.დ.-მ და მისმა არასრულწლოვანმა მგზავრებმა ზ.დ.-მ და გ.დ.-მ. დაშავებულები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობენ.
გამოძიების დაწყებისთანავე, სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადაუდებლად შემოწმდა „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს მძღოლი ა.დ, რომელიც აღმოჩნდა ფხიზელ მდგომარეობაში. ასევე, გამოძიების მიერ მისგან ნიმუშის სახით აღებული იქნა სისხლი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, ასევე ავტოტექნიკური და ავტოსაგზაო ექსპერტიზები, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მძაღოლის ბრალეულობის დასადგენად. ასევე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.