ინფიცირების დიდი რიცხვები ნუ შეგვაშინებს - თენგიზ ცერცვაძე
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2020 13:30
ინფიცირების დიდი რიცხვები ნუ შეგვაშინებს - თენგიზ ცერცვაძე

კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირებების რაოდენობა უახლოეს დღეებში 20-24 ათასამდე გაიზრდება. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით პანდემიის შესაჩერებლად გაფართოებული ტესტირება მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს:

"20-24 ათასამდე გაიზრდება უახლოეს დღეებში ტესტირება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ათი ათასი ტესტირება ვერ მოიცავდა ყველა ინფიცირებულს და როცა ჩვენ ვავლენდით 2-4 ათასს ითვლებოდა რომ ორი ამდენი რჩებოდა გამოუვლენელი. გამოუვლენელი ყველაზე ცუდია, ის ავრცელებს ინფექციას. გაორმაგებული ტესტირების დროს 100%-ით ისევ ვერ გამოვავლენთ, მაგრამ თუ ვავლენდით 30%-ს ახლა გამოვავლენთ 70%-ს. გაფართოებული ტესტირება ძალიან სერიოზულ ღონისძიებად ითვლება პანდემიის შესაჩერებლად, დიდი რიცხვები ნუ შეგვაშინებს," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში 18 ათასზე მეტი ტესტირება ჩატარდა და კორონავირუსი დაუდასტურდა 5450 ადამიანს.